თეგი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

მარტში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 36 ფაქტი გამოავლინეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, უწყების თანამშრომლებმა, 2023 წლის მარტში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 36 ფაქტი გამოავლინეს, რაზეც ბრალდებულის სახით 39 პირი პასუხისგებაში მისცეს, მათგან 18 პირი დააკავეს. „საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, ჯამში 36 180 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 177 000 ლარს აღემატება. აღნიშნული დანაშაული ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, თავისუფლების აღკვეთით 6-დან 8 წლამდე ვადით“, -აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

პირი, რომელმაც ორსულები სამსახურში ფიქტიურად გააფორმა და სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა მიითვისა, პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ერთი პირი მიეცა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ დეკრეტულ შვებულებაში მყოფ მოქალაქეებზე გათვალისწინებული ფულადი დახმარების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბრალდებული, 2021-2022 წლებში, წინასწარ მოფიქრებული სქემის მიხედვით, დანაშაულებრივ გარიგებაში ორსულ ქალებთან შევიდა და გააფორმა ფიქტიურად მის მმართველობაში არსებულ საწარმოებში ისინი, შემდგომ დაამზადა ყალბი დოკუმენტები, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თითქოსდა საწარმოებში დასაქმებული 237 პირის მიერ მიღებულ იქნა ორსულებისთვის გამოყოფილი ერთჯერადი ფულადი დახმარება, ჯამში 237 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა განაწილებულ იქნა ბრალდებულსა და ორსულ ქალებს შორის. აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები ტარდება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 180-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.